04 თებერვალი 2023,   05:34
ვრცლად
ომის 134-ე დღე უკრაინაში - რუსეთმა არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით იერიში 10-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მიიტანა

უკრაინაში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის 7 რეგიონი დაბომბეს, აქედან 28 საარტილერიო დარტყმა მიიღო დონეცკის ოლქმა, დაბომბვის შედეგად ათეულობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი განადგურდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.

დაიბომბა ოდესის ოლქიც, გამთენიისას ფრთოსანი რაკეტები მოფრინდა განთავისუფლებულ კუნძულ ზმეინიზე და იზმაილის რაიონში. კიევი ვარაუდობს, რომ რუსული არმიის სამიზნე არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, არამედ ის ხორბალიც, რომელიც ჯერ ვერ მოიპარა. რუსულმა რაკეტამ ოდესის ერთ-ერთ საწყობში 35 ტონა ხორბალი გაანადგურა, ოკუპანტები მიზანმიმართულად წვავენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც, რითაც კიდევ უფრო უწყობენ ხელს სასურსათო კრიზისის შექმნას.

უკრაინის შავ ზღვისპირეთში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს რუსული სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც 55 კალიბრის ტიპის რაკეტით არიან აღჭურვილები. 

ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში "კალიბრის" ტიპის რაკეტების სამი გადამზიდი ხომალდი და ორი წყალქვეშა ნავი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.

ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა კი ისევ დონბასიაოკუპანტმა ქვეყანამ, სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით იერიში მიიტანა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რეგიონის რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

რაც შეეხება ლუჰანსკის ოლქს, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს ლუჰანსკის ოლქის 100% არ აქვს ოკუპირებული და ქალაქ ლისიჩანსკის შემოგარენში ცდილობენ უკრაინული ძალები პოზიციების შენარჩუნებას. გენშტაბის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის დაძლევას და ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას.

ახლა უფრო დიდ მასშტაბში ვნახოთ რა ხდება ფრონტის ხაზზე. ქვეყნის სამხრეთით ოკუპირებულ რაიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან, რუსულმა ძალებმა დაბლოკეს ყველა საშუალება და შესაბამისად, მოსახლეობა ვერ იღებს რეალურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინის პოტენციალზე - ამის შესახებ ისაუბრა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით.

ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის სამხრეთით მდებარე მიკოლაივის რეგიონის დაბომბვას. რეგიონში დასახლებები დაიბომბა. გასული 24 საათის განმავლობაში მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ ახლა საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. ასეთია უკრაინაში არსებული მდგომარეობა ომის 134-ე დღეს.

დღის ამბები