04 თებერვალი 2023,   05:53
ვრცლად
"ქართული ოცნების" შეთავაზება ბრიუსელს - რატომ თვლის ოპოზიციის ნაწილი, რომ ეს ევროპისთვის წაყენებული ულტიმატუმია

შეთავაზების ოფიციალური ბრიუსელისთვის დღეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა - "ქართული ოცნება" მზადაა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს. ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე დაწევა ევროკომისიის რეკომენდაციებში არ შედის, "ოცნება" დეპოლარიზაციისთვის ამ ნაბიჯსაც გადადგამს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერი ამბობს, რომ სტატუსის მიღება პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს, რაც დაბალი ბარიერის პირობებში, არსებულ რისკებს შეამცირებს.

ირაკლი კობახიძეს, მალევე, საპარლამენტო ოპოზიციიდან გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსების ნაწილი, ინიციატივას ევროპელი პარტნიორების მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს უწოდებს. კანონმდებლებს არც დანაპირების რეალური განხორციელების სჯერათ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად აფერხებს.

საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევის შესაძლებლობას, ოპოზიციის მეორე ნაწილი დადებითად აფასებს. მიუხედავად ამისა, ისინი შეთავაზებას მეორეხარისხოვანს უწოდებენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. ბარიერი კი შიდაპოლიტიკური ვაჭრობის საგნად არ უნდა იქცეს.

დღის ბოლოს გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, საპარლამენტო უმრავლესობაში უპასუხეს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპოზიციას ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტირებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ოპონენტებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში პოლიტიკური დივიდენდების დაკარგვის ეშინიათ, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას ყველა გზით ეცდებიან.

დღის ამბები