04 თებერვალი 2023,   05:32
ვრცლად
ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე ვსვამ კითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას - გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე, რადას სახელისფლებო ფრაქციის ხელმძღვანელის, პრეზიდენტ ზელენკსის მარჯვენა ხელის, დავით არახამიას მიერ საქართველოს მისამართით გამოთქმულ განცხადებებს ეხმაურება.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, გაუგებარია, როდესაც უკრაინის რადაში პარტია "ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე და აცხადებს, რომ სახელმწიფოში  სანქციების რეჟიმი ირღვევა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ეს ორი ქვეყნის მოკავშირეობას არ შეეფერება. 

"როდესაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვითომ ირღვევა სანქციების რეჟიმი, პუტინთან დაახლოებული პირები გვყავს, ამავე დროს, აბრამოვიჩი მამა აბრამის ბატკანია და საქმე არ აქვს პუტინთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენს მოკავშირეობას არ შეეფერება. ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე (მათი სადაზვერვო შესაძლებლობები საზოგადოებას მშვენივრად მოეხსენება) ვსვამ ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას. ღმერთმა დაიფაროს, როდესაც იქნება, ამაზე ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს," – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე: "როგორ აისახება სანქციებთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე" - გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორებს აინტერესებთ, როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს და არა პროპაგანდისტული განცხადებები.

"ეს ორი საკითხი გავყოთ. როგორც შარლ მიშელმა თავის ბოლო ინტერვიუში ბრძანა, ჩვენ გვაფასებენ იმ შედეგებით, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს პროპაგანდისტული განცხადებები მეგაფონით არავის აინტერესებს. აინტერესებთ ის, როგორ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს, რაც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული," – განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები