27 იანვარი 2023,   22:35
ვრცლად
ჩვენ, რეალურად, არაფერ საბაბსაც კი არ ვუტოვებთ მათ დესტრუქციისთვის, თუმცა ამას მაინც ახერხებენ - ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილზე

ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, რომ  ხვალინდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან არ დაესწრონ, მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ინტერესია, ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ ამ მიზეზის გამო ამბობს უარს პროცესებში ჩართვაზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, გეგმაში ჩართულობა არის აბსოლუტურად ღია ყველასთვის, მათ შორის, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისთვის.

"ერთი რომ - რიგგარეშე სხდომა რა შუაშია, საერთოდ, გაუგებარია, როდესაც დეკემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს რაღაცები. ეს ორი თვე, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება სამუშაო პროცესისთვის და კანონების მიღებას რაც შეეხება, ეს მოხდება, ბუნებრივია, დეკემბრის ბოლომდე. არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ რაიმე სხდომა იყოს მოწვეული, როდესაც დეკემბრის ბოლოს ფასდება მიღწევები. ისედაც სჭირდება სამუშაო პროცესს არა ერთი და ორი თვე.

რაც შეეხება თვითონ ოპოზიციის დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ისინი არიან თვისებრივად დაინტერესებული, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში და აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ დარჩნენ რადიკალურ დღის წესრიგში და არ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამის საშუალება რადიკალურ ოპოზიციას არ მიეცეს. გეგმაში ჩართულობა არის აბსოლუტურად ღია ყველასთვის, მათ შორის, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ, რეალურად, არაფერ საბაბსაც კი არ ვუტოვებთ მათ დესტრუქციისთვის, თუმცა ამას მაინც ახერხებენ. ნებისმიერი უარი, ბუნებრივია, პოლარიზაციას ხელს შეუწყობს, ეს რა თქმა უნდა, ევროკავშირმაც უნდა გაითვალისწინოს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის ამოცანაა, კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი ხელისუფლების მოპოვების შანსად აქციონ.

"ანუ, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახადონ საფუძველი იმის, რომ შეცვალონ ხელისუფლება და შეცვალონ თავისი თავით. ეს არის მათი ამოცანა.

ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა გახდეს კანდიდატი. ამიტომ, 11-ნახევარ პუნქტს ვასრულებთ, ნახევარი პუნქტი მათ აქვთ შესასრულებელი, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას,“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, საკომიტეტო განხილვები ხვალ იწყება. 

დღის ამბები