11 აგვისტო 2022,   03:24
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს - რა ინიციატივები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. მათი შეფასებით, აუცილებელია ოპოზიციამ დროულად წარმოადგინოს ინიციატივები, რომლებიც პარლამენტში 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად უნდა შეიტანონ.

"ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არანაირად არ ნიშნავს იმ აბსურდულ პროცესს, რომელიც კობახიძემ გააჟღერა. ეს მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. საპარლამენტო ოპოზიცია ვმართავთ ფართო კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ შევადგინოთ დღის წესრიგი პარლამენტისთვის. მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს არა კომისიების შექმნა, არამედ იმ კანონპროექტების მიღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას პროგრესის მისაღწევად სჭირდება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

პარტია "გირჩი" ამ პუნქტების შესრულების საწყისად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიიჩნევს, ხოლო "სტრატეგია აღმაშენებელი" რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნას არ ეთანხმება და საკუთარი გეგმის წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას, ხელს არაფერი უშლის. თუკი ეს მოხდება სერიოზულობას შესძენს  ყველა დანარჩენ ინიციატივას, მათ შორის "ქართული ოცნების" ინიციატივას და ერთმანეთის მიმართ ნდობა გაგვიჩნდება,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი
ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები