19 აგვისტო 2022,   22:03
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო და "მოსმენების კანონი" - უმრავლესობა კანონის მოწინააღმდეგეებისგან არგუმენტებს ითხოვს, ოპოზიცია კი პრეზიდენტისგან სხვა ვეტოებსაც ელის

პრეზიდენტის ვეტო პარლამენტშია. როდის დაიწყებენ კანონმდებლები შენიშვნების განხილვას, ზუსტი თარიღი უცნობია.

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა, მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილების მიღმა არგუმენტებს ვერ ხედავს. პრეზიდენტმა ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო. 

"საქართველოს პრეზიდენტს აქამდეც უნდა ეაქტიურა ამ მიმართულებით და კარგია, თუ აწი გააგრძელებს ასე აქტიურობას. ეს ერთი კანონი არ არის ისეთი, რომელიც ვეტოს იმსახურებს, უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს "ვეტო ვეტოსთვის" და ეს არ უნდა იყოს პროცესის იმიტაციის შექმნის მცდელობა. 

გააზრება სჭირდება ყველასგან ყველა მსგავსი კანონის მიღების თუ ვეტოს დადების პროცესს. ბევრი კანონია ასეთი და პრეზიდენტის პოზიცია, საით მიდის ქვეყანა, თუ გამოიხატება ვეტოების მეშვეობითაც, შეიძლება საინტერესო იყოს" - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე პრეზიდენტის ნაბიჯს იწონებს, თუმცა, აქვე ამბობს, რომ იყო სხვა საკითხებიც, რომლებისთვისაც, მისი აზრით, ზურაბიშვილს ასევე ვეტო უნდა გამოეყენებინა. 

"ეს არის პოლიტიკური ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან თუმცა ამავდროულად შევახსენებდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რომ პოლიტიკური ვეტო შეეძლო დაედო სხვა საკითხებსაც - ისეთებისთვის, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მოსამართლეების საკითხმაც მის ხელში გაიარა და ბევრი სხვა, 

ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პოზიციის დაჭერა სწორია," - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ კანონი კიდევ უფრო გაზრდის სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილება მოსმენების კუთხით და შეიზღუდება ადამიანების პირადი ცხოვრების სივრცე.

"ამაზე კრიტიკული შენოშვნები ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენც, მათ შორის.

ვეტოს დაძლევს, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება", არ აქვს ხმების პრობლემა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ჟესტი რომ პრეზიდენტი ცდილობს თავდაღმართში არ გაჰყვეს "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ შენიშვნები უარგუმენტოა და პრეზიდენტი საკუთარ ვეტოს იურიდიულად ვერ ასაბუთებს.

"როდესაც ვკითხულობთ ვეტოში, რომ თითქოს ეს კანონი აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს და ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგება, სულ მცირე უნდა იყოს დასახელებული 1 საქმე მაინც სტრასბურგის სასამართლოსი, რომელ მიდგომას და სტანდარტს ეწინააღმდეგება. როდესაც ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს იმას, რომ ჰქონდეთ გონივრული ვადები შესაბამის საგამოძიებო უწყებებს ამ დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს არის წინააღმდეგობა ევროპულ მიდგომასთან? ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი სამართლებრივი ლოგიკა ვერ ვნახეთ და არ წერია ამ შენიშნებში" - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი დეპოლარიზაციის მიზნის მიღწევისთვის კონსტრუქციულ ნაბიჯს არ დგამს. 

"პრეზიდენტმა თქვა, რომ რადგან მკაფიოდ ვერ ასაბუთებს იურიდიულად ვეტოს, მან მისცა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი. ასევე, მან განაცხადა, რომ ასეთივე პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმში იქნება წლის ბოლომდე და ყველა კანონპროექტს დაადებს ვეტოს, რაც მისი მხრიდან დეპოლარიზაციის მიზნის მიღწევისთვის არ არის კონსტრუქციული ნაბიჯი," - ამბობს წილოსანი. 

დეპუტატები მოტივირებული შენიშვნების განხილვას, სავარაუდოდ, სექტემბის დასაწყისში დაიწყებენ. საკითხი განხილვის მიზნით უკვე გადაგზავნილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. 

დღის ამბები