19 აგვისტო 2022,   20:37
ვრცლად
ყველაზე დიდი გამოწვევა დეპოლარიზაციაა, რაც პრობლემას უქმნის არა რომელიმე პარტიას, არამედ პრობლემას უქმნის ჩვენს ქვეყანას - მაია ბითაძე

გახდება თუ არა ევროპელი ლიდერების საერთო გზავნილი, საერთო მიზანი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის? - რეკომენდაციებში, რომელმაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მოუტანოს პირველ დავალებად დეპოლარიზაცია ჩაიწერა, თუმცა ურთიერთბრალდებები საკითხების გარშემო არ წყდება.

ოპოზიციაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს სწორედ დეპოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოიყვანს და პოლიტიკურ სპექტრში ტოქსიკურ ურთიერთობებს მოშლის, არის არჩევნების დანიშვნა.

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ აუცილებელია მთავრობა გადადგეს და ჩამოყალიბდეს  ეროვნული თანხმობის კაბინეტი.

"ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ იმ მოთხოვნების პათოსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გაჟღერდა. აუცილებელი და მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს და მისი მთავრობა, რადგანაც ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი იმ კრახისათვის, რომელიც საქართველომ განიცადა რამდენიმე დღის წინ და იმავე დროს, ხელი უნდა შეეწყოს ეროვნული თანხმობის კაბინეტის ფორმირებას, რომელიც იქნება არა პოლიტიკოსებით, არამედ მცოდნე პირებით დაკომპლექტებული და რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდირებას რეფორმების ირგვლივ," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნა არაკონსტიტუციური და არაადეკვატურია. მათი თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და იმ რეკომენდაციების შესრულება, რაზეც ევროკავშირი საუბრობს.

"საქართველო მოწინავე იყო ტრიოში, ეს რეკომენდაციებშიც ხაზგასმულია, თუმცა არის საკითხები, რომელიც მოსაწესრიგებელია, მათ შორის, ყველაზე დიდი გამოწვევა არის დეპოლარიზაცია, რაც პრობლემას უქმნის არა რომელიმე პარტიას, არამედ პრობლემას უქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის და ლიდერების მოწოდება იმასთან დაკავშირებით რომ ვიმუშაოთ ერთად და შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც დააკისრა საქართველოს რეკომენდაციის სახით ევროპულმა საბჭომ," - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები