19 აგვისტო 2022,   20:28
ვრცლად
გავლენიანი ბიზნესმენის მკვლელობა - ოჯახი ირწმუნება, რომ მამაკაცი დაქირავებულმა "ქილერმა" მოკლა

წყნეთის გზაზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. თავდამსხმელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. უცნობია გამოძიების მთავარი ვერსია. მოკლულის დედა ამტკიცებს, რომ ლევან კაჭარავას, იგივე "ტილიკას"  საქართველოში მტრები არ ყავდა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებულია, მაგრამ ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, არ იციან. ამტკიცებენ, რომ ლევან კაჭარავა არც დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და არც რაიმე სახის დაპირისპირებაზე საუბრობდა.

გავლენიანი ბიზნესმენი გუშინ, საღამოს 6 საათამდე საქმიან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომლის დასრულების შედეგ თანამშრომელთან ერთად წყნეთის მიმართულებით დაიძრა.

ლევან კაჭარავას რამდენიმე ტყვია მოხვდა. ავტომობილს 20-მდე ნატყვიარი ეტყობა, ჩამსხვრეულია მინები. ცეცხლსასროლი იარაღის კვალი თბილისი-წყნეთის ავტომაგისტრალზე ამ დრომდე რჩება. 

თავდამსხმელმა, ბიზნესმენის გადაადგილების ტრაექტორია, სავარაუდოდ კარგად იცოდა. არ გამორჩენია, რომ გუშინ კაჭარავა არა საკუთარი, არამედ სხვისი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ირგვლივ არც სათვალთვალო კამერებია. ცეცხლის გახსნის შედეგ, ავტომობილი მძღოლმა რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერა, ირაკლი აბულაძე ავტომობილიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალა. ცნობილია, რომ მისი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე უკვე ჩატარდა. 

მკვლელობის ადგილზე გუშინ არ გამოჩენილა კახა ცირდავა, კაჭარავას მძღოლი, რომელიც წლებია მოკლულ ბიზნესმენთან მუშაობს და "კურიერის" ინფორმაციით, მის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ის და მისი ძმა, ოთო ცირდავა, კაჭარავასთან მრავალი წელია მუშაობენ და  რამდენიმე კომპანიაში წილებიც აქვთ. ოთო ცირდავა გუშინ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა, მაგრამ "კურიერის" კითხვებს არ უპასუხა.

მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავა, იგივე "ტილიკა" ნიკო კვარაცხელიას საქმეში ფიგურირებდა. თუმცა, ეს ვერსია მალევე უარყო ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა.

ლევან კაჭარავა გუშინ საკუთარი საცხოვრებელი სახლთან ახლოს, ჩასაფრებით მოკლეს. შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-მოხმარების საქმეზე დაიწყო.

დღის ამბები