19 აგვისტო 2022,   21:02
ვრცლად
ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს ოპოზიციის ლიდერები განსხვავებულად აფასებენ - არის თუ არა ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანი აქციაზე დაყენებულ მოთხოვნებში

ულტიმატუმის ვადის ათვლა დაიწყო - ხელისუფლებას, მოძრაობამ "შინ ევროპისკენ", პრემიერის გადასაყენებლად და ეროვნული თანხმობის მთავრობის შესაქმნელად ერთი კვირა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში 3 ივლისიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები დააანონსეს.

ქვეყნის მთავარი გამზირიდან ნათქვამს, მმართველმა გუნდმა უარით უკვე უპასუხა. "ქართული ოცნებისთვის" სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები პოლარიზაციის გაღრმავების წინაპირობაა. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღის წესრიგში ახლა არც დგას და ვერც დადგება პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა ან დროებითი მთავრობის ფორმირება.

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს იზიარებს ოპოზიციის ერთი ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას პრემიერს და მის გუნდს აკისრებენ. დარწმუნებულნი არიან, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები მხოლოდ ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში შესრულდება. კონკრეტულად როგორ წარმოუდგენიათ დროებითი მთავრობის ფორმირება, ჯერ დაუზუსტებელია. 

განსხვავებული პოზიცია აქვს "გირჩს", რომელიც აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნას არ იზიარებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ წამოყენებული პირობები არასერიოზულია. "გირჩის" აზრით, ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა გაცილებით გონივრული ნაბიჯი იქნებოდა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნის პასუხად, დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ წამოყენებული პირობების შესრულება არ მოხდება. განმარტეს, რომ ეს მოთხოვნები პოლარიზაციას გააღრმავებს. მმართველმა პარტიამ ოპონენტებს ურჩია გაიზიარონ ევროპული საბჭოს სულისკვეთება და  რეკომენდაციების შესრულებაზე კონცენტრირდნენ.

მოთხოვნები სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ საპროტესტო აქციაზე დააყენეს. პირობების შესასრულებლად ორგანიზატორებმა მთავრობას 1 კვირიანი ვადა მისცეს, პარალელურად უკვე დააანონსეს აქცია 3 ივლისს.

დღის ამბები