10 აგვისტო 2022,   23:34
ვრცლად
ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ვადა იმისათვის, რომ ნორმალური, ცივილური გადაწყვეტილება მიიღოს - ბაჩო დოლიძე

ერთკვირიანი ვადა ორი მთავარი მოთხოვნისთვის - მოძრაობა "შინ ევროპისკენ" პრემიერ-მინისტრის გადადგომას და მთავრობის ახალ შემადგენლობას ითხოვს. 

ოპოზიციაში მოძრაობის მოთხოვნებს მხარს უჭერენ. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ ცივილური გადაწყვეტილება მიიღოს.

"წინა პლანზე არიან საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობის, ხალხის ხმა იყოს პირველ რიგში გაგონილი.

მთლიანად ვიზიარებთ აღნიშნულ მოთხოვნას და ეს არის ძალიან სამართლიანი მოთხოვნა, როდესაც ისტორიულ შანსს ხელიდან უშვებ და მერე კიდევ გაქვს პრეტენზია, რომ მართო ეს ქვეყანა ისე როგორც გინდა, ამ დროს ხალხის უნდა გესმოდეს. არ მინდა შევიდე გამოცნობაში თუ რას იზამს ხელისუფლება, მას აქვს კონკრეტული ვადა იმისათვის, რომ ნორმალური, ცივილური გადაწყვეტილება მიიღოს," - აცხადებს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", პარტიის წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროპამ, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის წევრი ქვეყანა, 12 პუნქტიანი გეგმა შემოგვთავაზა, თუმცა არ სჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს. მანჯგალაძის განცხადებით, ყველაზე მარტივი გამოსავალი პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. 

"ეს არის ფართო კონსენსუსით შეჯერებული მოთხოვნები; ეს არის ის, რაც იქ დამსწრე, აქციაში მონაწილე საზოგადოებას უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. ევროპამ, იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი შემოგვთავაზა 12 პუნქტიანი გეგმა. საქართველოში სამწუხაროდ არავის არ გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს, ამიტომ მარტივი გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი ან გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და რა თქმა უნდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" უჭერს მხარს ამ მოთხოვნებს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

დღის ამბები