30 ივნისი 2022,   01:48
ვრცლად
წნორის პანსიონის ბენეფიციარმა "კურიერთან" განაცხადა, რომ წელს პირველად აბანავეს - დირექტორი კი ამბობს, რომ ხანდაზმულს მეხსიერების პრობლემა აქვს

დარღვევები წნორის ხანდაზმულთა სახლში - სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშით, მდგომარეობა დაწესებულებაში შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

"როდესაც შევიდა მონიტორინგის ჯგუფი შენობაში, იყო ძალიან მძიმე სუნი და ანტისანიტარია. უშუალოდ ბენეფიციარებიც არაჰიგიენურ პირობებში იმყოფებოდნენ, ეცვათ ძველი გასარეცხი ტანსაცმელები და დაბანილებიც არ იყვნენ.

ერთ-ერთმა ბენეფიციარმა პირად საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ მიმდინარე წელს საერთოდ არ უბანავია... სიტყვიერ მითითებაზე, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ არ აქვს ღირსება და შესაბამისად, როგორ შეელახებაო... ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბენეფიციარები გადაყვანილები იქნენ ისეთ  გარემოში, სადაც მათი ღირსება იქნება დაცული,"-აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური.

ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის ზაზა ხუხუნაიშვილის თქმით, სააგენტომ დაწესებულება, საკუთარი ინიციატივით, 2020 წელს შეამოწმა. მისივე თქმით, მათ შემოწმება შეუძლიათ, როგორც გეგმურად ისე არაგეგმურად, ბენეფიციარიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე

"ვესაუბრებით ბენეფიციარებს ინდივიდუალურად, ჩვენი შემოწმების არეალში ეს დაწესებულება წინა წლებშიც მოხვედრილა, თუმცა მსგავსი სახის პრობლემა, რომელიც წარმოდგენილი იყო ომბუდსმენის ანგარიშში, იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ ყოფილა,"- აცხადებს ზაზა ხუხუნაიშვილი.

"კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თქვა, რომ მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია და მხოლოდ დღეს დაბანეს.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს პანსიონატის დირექტორი, რომელიც აცხადებს, რომ ბენეფიციარი, რომელმაც "კურიერთან" ჰიგიენის პრობლემებზე ისაუბრა, დაავადებულია ალცჰაიმერით, შესაბამისად, აქვს მეხსიერებასთან პრობლემები. 

"ეს მოხუცი ალცჰაიმერით არის დაავადებული და დილას რა გააკეთა, არ ახსოვს. არასრულფასოვანი კვება იმაში არ გამოიხატება, რომ კალორიები დათვლილი არ არის, არ მქონდა გამოკრული კედელზე რამდენ კალორიას შეიცავს,"- აცხადებს პანსიონის დირექტორი ილია დემეტრაშვილი. 

დღის ამბები