06 თებერვალი 2023,   01:12
ვრცლად
საზოგადოებამ გაუგზავნა ბრიუსელს მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანა გზაგასაყარზე დგას. მისი თქმით, ორ დღეში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს,  მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რათა თავისი სათქმელი თქვას და ორშაბათს გამართულ აქციაზე მათ მკაფიო გზავნლებიც გააკეთეს. 

"დღეს ნამდვილად ვდგევართ იმ გზაგასაყარზე, ორ დღეში იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ბოლო წლების მანძილზე. ასოცირებაც იყო მნიშვნელოვანი და ბევრი სხვა, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს მოსალოდნელი არ იყო. ეს შანსი გაჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს მთავარი კითხვაა, ამ შანსის გამოყენებას შევძლებთ თუ გავუშვებთ ხელიდან. მე ვრცლად ვისაუბრე იმაზე თუ რა მოხდა ამ ბოლო წელს და სად არის პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ ტრიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან როგორ გადმოვედით ბოლო რიგში და ვერ მივიღეთ პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, რამეთუ ჩვენ ჯერ ვართ რეკომენდაციებში და ორ დღეში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. აქ მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა ხდება ახლა, რას ვაკეთებთ ამ ბოლო დღეებში იმისათვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ ყველაზე პოზიტიურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები.

ერთის მხრივ, მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას და გამოვიდა საზოგადოება და ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა ბრიუსელს, რომ ჩვენ, საზოგადოება, ყველა წლოვანების და პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები, ყველა ერთად დგანან და ყველანი ამბობენ ერთ რამეს - ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ რამეს ანიჭებს მნიშვნელობას ევროკავშირი ზოგადად, ეს არის ადამიანების ნება, საზოგადოების ნება და მისი თავისუფალი გამოხატულება და ის რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა, იყო ერთიანობა და ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია." - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება და ხმუარი შეაფასა. 

"სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე. მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა, საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა.

დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს, რომ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არა. აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით.

შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად და არა დაპირისპირებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

ვინც მოუსმინა, მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს," – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები