27 იანვარი 2023,   22:20
ვრცლად
ერთხელ დავიჯერე კიდევაც, რომ დატოვა პარლამენტი და რომ მოვედი, ისევ პარლამენტში დამხვდა- ლევან იოსელიანი მამულაშვილზე

ვფიქრობ, ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნონა მამულაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში წამყვანის კითხვას, პარტიის თავმჯდომარის ხელახლა არჩევის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო აქტიური იყოს. ამასთან, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობის გაწბილებას იწვევს. მამულაშვილის აზრით, ბრძოლის სტრატეგიის შეცვლაში შესაძლოა ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა, ევროკავშირში სისტემატიური წარმომადგენლის ყოლა ან ახალი სახეები იგულისხმებოდეს.

მამულაშვილის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან სხვა ოპოზიციურ პარტიებში. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრ ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როცა დეპუტატები  პარლამენტის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებაზე უარს არ ამბობენ. 

"ყოველ ჯერზე დატოვებაზე საუბარი მაშინ, როდესაც არაფერზე უარს არ ამბობენ, არცერთ პრივილეგიაზე, არც ერთ სერვისზე, რასაც პარლამენტი მათ უწევთ, მგონი უხერხულია. ქალბატონი ნონასგან ხშირად გავიგონე დატოვების შესახებ, ერთხელ დავიჯერე კიდევაც, რომ დატოვა პარლამენტი და რომ მოვედი ისევ პარლამენტში დამხვდა,"-აცხადებს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი  პაატა მანჯგალაძე არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ თითქოს პარლამენტში ყოფნა ხელს უშლის ქუჩაში გამოსვლებს. 

"ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით არ ვიზიარებ მის მოსაზრებას. არ ვიზიარებ იმ ნაწილში, რომ თითქოს პარლამენტში საქმიანობა  ხელს უშლის იმას, რომ ქუჩაში აბობოქრდეს აღშფოთებული ხალხის მასა, ეს ასე არ არის, ეს არის ილუზია,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები