30 ივნისი 2022,   02:07
ვრცლად
"ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან ბევრზე" - ექსპრეზიდენტის დედა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნენ

"გაბრაზებული ვარ, ძალიან ბევრზე და ბევრ რამეზე"  - ექსპრეზიდენტის დედა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნენ. გიული ალასანიას წყენის ადრესატი არის ყველა, ვინც ყოფილი პრეზიდენტი მარტო დატოვა. მისი შეფასებით, ჭიანურდება "ვივა მედში" დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლაც.

მიხეილ სააკაშვილის სტუმარი "ვივა მედში" დღეს მხოლოდ გიული ალასანია არ ყოფილა. იყვნენ მისი თანაგუნდელებიც, რომლებისთვისაც ექსპრეზიდენტის დედის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა. პალატიდან გამოსულმა კობა ნაყოფიამ მედიას ისიც უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მას გადაადგილება აღარ შეუძლია და ვეღარც საკვებს იღებს.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ოჯახის პოზიციის ესმით, თუმცა გიული ალასანიას კრიტიკის ადრესატებად თავს არ მიიჩნევენ.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში მათ ლიდერს საფრთხე ემუქრება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შესაბამისი კურსი ჩაუტარდეს. ისინი რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც მოითხოვენ.

საქართველოში პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მთავარი გზავნილი იყო. "ქართული ოცნების" ლიდერებს არც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის პოზიცია უკვირთ.

13-დღიანი მკურნალობისა და ავადმყოფობის მრავალგვერდიანი ისტორია მსჯავრდებულის პირად ექიმს აქვს. ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილია ის დიაგნოზები და კვლევების ჩამონათვალი, რაც პატიმარ პრეზიდენტს კლინიკა "ვივა მედში" მოთავსების დღიდან უტარდება.

მიხეილ სააკაშვილი ახლა ცენტრ "ემპათიის" ექსპერტების მოლოდინშია. სწორედ მათ უნდა დადონ სამედიცინო დასკვნა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღის ამბები