30 ივნისი 2022,   02:52
ვრცლად
"თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი, რაც ქონდათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ვერ მოახერხეს" - პრემიერი ოპოზიციას

თქვენ არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტები ისეთი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია, განსაკუთრებით კი როდესაც ეს განცხადებები ისეთ დროს კეთდება, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით შემოვიდა, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მომხდარიყო. 

"მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირისგან ელოდება ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ არ არის დღეს კონსესუსი ევროკავშირში, ველოდებით გადაწყვეტილებას, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ვითომ პატრიოტები ავრცელებენ განცხადებებს, ეს არის მტრობა, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ და ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით.

უფრო მეტს გეტყვით, იცით რა არის უბედურება? აი თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად. ერთადერთი, რაც ქონდათ ამათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს. შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდული საქონელი, სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ეს არ გამოუვიდათ. ეს არ გამოგივათ არასოდეს და რეალურად, საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ერთადერთი მიზნით შემოვიდა, რომ რაიმენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. ოკუპირებულ ქვეყანაში როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად? ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. ეს გაცნობიერებული გაქვთ?" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები