27 ივნისი 2022,   03:20
ვრცლად
აზოვის ბატალიონის წევრები ოჯახებთან სატელეფონო კავშირზე გავიდნენ - უკრაინაში მიმდინარე ომის ქრონიკა

აზოვის ბატალიონის წევრები, ოჯახებთან სატელეფონო კავშირზე დღეს გავიდნენ. ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ, სამხედროებს ვიდეო მიმართვაც აღარ გაუვრცელებიათ. პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს მეუღელე ამბობს, რომ რამდენიმეწამიან საუბარში, ქმარმა მხოლოდ ის უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფებიან.

აზოვის მებრძოლებთან დაკავშირებით ბოლო განცხადება, დღის ბოლოს მოსკოვმა გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები, ჯერ სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ და მანამდე კიევთან პატიმრების გაცვლის განხილვა ნაადრევია, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე კი, ახლა უკვე რუსი ოკუპანტები გადაადგილდებიან. აგრესორის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის გავრცელებულ კადრებში ის მიწისქვეშა გვირაბები ჩანს, რომლებიც კვირების განმავლობაში უკრაინელი მებრძოლების თავშესაფარი იყო. 

ზღვისპირა ქალაქი სასაკლაოდ არის ქცეული. მარიუპოლში ერთ-ერთი სარდაფის ნანგრევებში 200 ცხედარი აღმოაჩინეს. მძიმე ინფორმაციას, მარიუპოლის მერის პრესმდივანი ავრცელებს.

პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში, მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა.

კვლავ მძიმე მდგომარეობა რჩება დონბასის რეგიონში. რუსული ძალები აღმოსავლეთ ინდუსტრიული ცენტრის დაკავებას ცდილობენ. აგრესორს ქალაქ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა სურს.

მთელი ქალაქის შემოგარენი ფრონტად არის ქცეული. სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის დაშავებულების ევაკუაცია გრძელდება.

გასულ 24 საათში, აგრესორებმა მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა 15. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები აღმოსავლეთ ფრონტზე გაძლიერებას ცდილობენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში რუსი ოკუპანტების ცხრა თავდასხმა მოიგერიეს. ამ ფონზე დღეს რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნეს -კანონპროექტი დუმამ მიიღო. ახალი კანონით, შესაძლებელი გახდა სამხედრო სამსახურში ნებისმიერი ასაკის მამაკაცის გაწვევა.

დღის ამბები