30 ივნისი 2022,   01:41
ვრცლად
ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიას სიტყვით მიმართა.

სესია ბანგკოკში ტარდება და მასში 80-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა.

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ შედეგად ადამიანური და ჰუმანიტარული ტრაგედია მოიტანა - ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ურბანული ცენტრებისა და ეკონომიკის მსხვილი სეგმენტის განადგურება, მილიონობით მოსახლეობის გადაადგილება.საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ან საზღვრების ხელშეუხებლობის უგულებელყოფა, არ შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიღწევებს.

ენერგეტიკული და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ხიდის როლს ასრულებდა, ნაწილებად იშლება. მიუხედავად მის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის.

ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები