27 ივნისი 2022,   03:38
ვრცლად
მივმართავთ ოპოზიციას ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს, საჯაროდ ჩამოწერონ ის პუნქტები, თუ რითი არიან უკმაყოფილი, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად.

მსგავსი მოთხოვნა აქვს კობახიძეს კონკრეტულ უცხოელ პოლიტიკოსებთანაც.

"მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე, ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს რატომ ჰგავს მათი და "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა.

ჩვენ ვიცით ოპონირების ფასი. უშეცდომო არავინაა და შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით. მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე.

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებას და რა გინდათ თქვენ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოვლენებს სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ან ემოციებს არის აყოლილი, მძევლად გყავთ აყვანილი. როგორც ხედავთ, ეს მოცემულობა თქვენს პოლიტიკურ წარმატებას მაინც ვერ განაპირობებს.

ამიტომ, გთავაზობთ დისკუსიის ნებისმიერ გონივრულ ფორმატს, რომელიც საქმეში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი გააგებინებს სიმართლეს. მოდით და არა ცარიელი სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და არგუმენტებით გვესაუბრეთ ჩვენ და ესაუბრეთ საზოგადოებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები