05 ივლისი 2022,   22:25
ვრცლად
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ნიკა გვარამიას დაკავება - კიდევ რა საკითხები განიხილა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან

ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოლიტიკურმა მრჩეველმა, შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. მასთან პირველი აუდიენცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები, გამოწვევები მედიასფეროში, რუსული საფრთხეები და ინსტიტუციონალური განვითარების შეფერხება - მესამე სექტორმა სასაუბრო თემად ეს საკითხები დაასახელა.

არასამთავრობო სექტორის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოლიტიკურ მრჩეველთან შეხვედრაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. საუბრის შემდეგ, მათ თქვეს, რომ დერეკ შოლესთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და პრობლემები დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს. ცალკე საკითხად კი, მათ მიერ, ნიკა გვარამაის საქმე დასახელდა.

მესამე სექტორთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების პარალელურად, "ქორთიარდ მერიოტის" წინ, მედიის წარმომადგენლების აქცია - პერფორმანსი მიმდინარეობდა. ჟურნალისტები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. პრესის წარმომადგენლებმა დერეკ შოლესთვის გადასაცემად წერილიც მოიტანეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, თბილისში 18 მაისს ჩამოვიდა და ორდღიანი ვიზიტი დღეს სრულდება. მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ვაშინგტონელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები განიხილა. დერეკ შოლი თბილისიდან ლონდონში მიემგზავრება.

დღის ამბები