27 ივნისი 2022,   05:51
ვრცლად
"ქართული ოცნება" უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს დაარეგისტრირებს - რა წერია ტექსტში

მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის "ქართული ოცნებისეული" ვარიანტი წარადგინა, რომელიც მისი თქმით, დღეს დარეგისტრირდება."ქართული ოცნების" მიერ ცალკე რეზოლუციის დარეგისტრირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მხარეები საერთო დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ.

"საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში, შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

აცხადებს, რომ ჩრდილო  ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება  და სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით, ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა, კატეგორიულად მიუღებელია.

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკლაციით, მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში, ომის არ დაშვებაში," - აღნიშნულია ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის ტექსტში.

რაც შეეხება იმას, რატომ არაა რუსეთი ნახსენები ტექსტში, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რეზოლუცია უნდა იყოს იმგვარად შედგენილი , რომ ყველა სიტყვა უნდა იყოს აწონილი და არ უნდა იყოს არცერთი სადავო საკითხი. რაც შეეხება აგრესორს ეს ტექსტში ისედაც ნაგულისხმევია.

"ყველა სიტყვა ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დაცლილია მთლიანად პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან. თქვენ რომელ ქვეყანას გულისხმობთ ამ ტექსტში?!“- მიმართა მამუკა მდინარაძემ მედიას.

დღის ამბები