05 ივლისი 2022,   21:50
ვრცლად
მთავრობა დევნილებს 2 არჩევანს სთავაზობს - სასტუმრო "ქართლში" მცხოვრებლები წინადადებას მიესალმებიან, თუმცა განსახლებას მალევე ითხოვენ

პრემიერი სასტუმრო "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს ორ არჩევანს სთავაზობს - ან თავად შეარჩიონ ბინა, ან დაელოდონ მათთვის უკვე შეძენილი ბინის მშენებლობის დასრულებას. მთავრობის შეთავაზების დეტალები ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, პირადად გაასაჯაროვა. მთავრობის პოზიციაა, რომ დევნილმა ოჯახებმა ახალი საცხოვრებელი ფართები, წლის ბოლოს, უპირობოდ მიიღონ.

სასტუმრო "ქართლში" მცხოვრები დევნილები შეთავაზებას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ საცხოვრებელი პირობები იმდენად რთული აქვთ, რომ მათი განსახლება მალევე უნდა მოხდეს. საკუთარი პრეტენზიები და მოთხოვნები, დღეს წერილობით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს, მანამდე კი უწყებასთან აქციაც გამართეს.

სასტუმრო "ქართლში" მცხოვრები დევნილების პრობლემებს კარგად იცნობს ჯანდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, სამინისტრო მათთვის ფართებს მშენებარე კორპუსებში ეძებს და სამშენებლო კომპანიებთანაც მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა რამდენიმე ქალაქში უკვე შერჩეულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან მშენებლობის დასაწყებად. პრემიერის კაბინეტში განმარტავენ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში 27 000 დევნილი ოჯახი განსახლდა, თუმცა მომდევნო უახლოეს წლებში საცხოვრებელი ფართით კიდევ ათასობით ოჯახი დაკმაყოფილდება.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა 2012 წლამდე პერიოდი და თქვა რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია.

ხელისუფლებაში ერთ-ერთ პრიორიტეტად დევნილთა საკითხებზე მუშაობას ასახელებენ და აცხადებენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებას აქტიურად გააგრძელებენ.

დღის ამბები