05 ივლისი 2022,   22:48
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ოპონენტებთან ერთად, ერთობლივად გააკეთონ

ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ელჩს შეხვდა - "ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ოპოზიციის ინიციატივაზე იმსჯელონ.

ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრის თემა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ინიციატივა იყო, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად შესაბამისი რეზოლუცია ერთობლივად უნდა მიიღოს. 

"უკრაინის ელჩმა ძალიან დააფასა ჩვენი შესაბამისი პოლიტიკური განაცხადი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში იყოს ერთსულოვნება უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ პოლიტიკური კონსენსუსი უკრაინის მხარდაჭერისთვის,"- აცხადებს სამადაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკრაინას მხარს უჭერენ და არ გამორიცხავენ, მართლაც დაიწყონ საუბარი ოპოზიციასთან ამ მიმართულებით.

"უკრაინა გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალი არის მიბმული, ქვეყანა, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე აგრესიის მცდელობა აქვს რუსეთის ფედერაციას. ნებისმიერი ოკუპაცია, ანექსია, მცდელობა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალადობრივად შეჭრის, არის დასაგმობი და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ მცდელობებს.

ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და გამოვხატავთ ჩვენს მზაობას ყველა შესაბამისი გზით. რაც შეეხება პარლამენტის და დეპუტატების ერთიან პოზიციას - ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება მსჯელობა და თუკი ამისი აუცილებლობა იქნება, ცხადია, იქნება ამ შეთანხმებული პოზიციის გამოცხადება,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღოს.

გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა, საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება.

ამასთან, მათი თქმით, საჭიროა მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.

ასევე, განცხადების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ პრემიერ მინისტრმა უსაფრთხოების გაფართოებული სხდომა უნდა მოიწვიოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები