21 მაისი 2022,   04:05
ვრცლად
რატომ არის უკრაინა აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი?! - ბლინკენი კიევში ჩავიდა

უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზე - რუსეთიდან უკრაინის მიმართ მომდინარე საფრთხის შეფასების მიზნით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაემგზავრა და უკვე კიევში იმყოფება.

ენტონი ბლინკენი დღეს კიევში შეხვედრებს შეერთებული შტატების საელჩოდან დაიწყებს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

კიევში ვიზიტის წინ კი ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან გამართა სატელეფონო საუბარი. ის ლავროვს ჟენევაში 21 იანვარს შეხვდება და რუსულ მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს და უკრაინას უფლება აქვთ აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის,
მათ შორის, შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და ნატოს თანამეგობრობის წევრები," - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში ბლინკენის კიევში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო 30 წელიწადში რუსეთი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში შეიჭრა.

"ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს რუსეთთან მომდევნო დღეებსა და კვირებში დავაყენებთ," - წერია განცხადებაში.

თავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია.

"ბევრი ამერიკელი სვამს შეკითხვას, რატომ ვართ უკრაინაზე ფოკუსირებულები, რატომაა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელობის - ეს ქვეყანა ხომ ჩვენგან ნახევარი მსოფლიოთია დაშორებული. პასუხი ასეთია - უკრაინა თავისთავად მნიშვნელოვანია და ჩვენ წლებია მტკიცედ ვდგავართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე - ესაა ფორმულა, რომელსაც დაუსრულებლად ისმენთ. თუმცა ეს გაცილებით დიდი საკითხია, ვიდრე უბრალოდ საკითხი უკრაინა, რადგან რაც ახლა ხდება არის ის, რომ გყავს ერთი ქვეყანა, რუსეთი, რომელიც თავისი ქმედებებით გეუბნება, რომ მას უბრალოდ შეუძლია შეცვალოს მეზობლის საზღვარი ძალის გამოყენებით, გეუბნება რომ მეზობლის ნაცვლად თავად გადაწყვეტს თუ რა შედეგები დადგება, თუ ვისთან იქნება ასოცირებული ესა თუ ის სახელმწიფო. გყავს ქვეყანა, რომელიც გეუბნება, რომ ყველაფერი არა კონკრეტული სახელმწიფოს ხალხის, არამედ მათ ნებაზეა დამოკიდებული და და რომ გავლენების სფეროს ქონა ნორმალურია. თუ ამას დაუსჯელად დავტოვებთ, ვფიქრობ ძალიან დიდ პანდორას ყუთს გავხსნით, რაც უკრაინას გასცდება. რუსეთის გარდა კიდევ არსებობს ბევრი ავტოკრატიული ქვეყანა, ვინც იტყვის, რომ ისინიც ასე მოიქცევიან. ეს არის კონფლიქტის, ქაოსის, ადამიანების ტანჯვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის რეცეპტი. აი ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი, და ეს ვრცელდება ყველაზე, მაიდნიდან დაწყებული რიგით ამერიკელებამდე," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რაც შეეხება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მისი განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

"ძალიან კარგად მახსოვს ბუქარესტის სამიტი, პირადად ვესწრებოდი მას 2008 წელს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. საიდუმლო არ არის, რომ საკითხზე შეხედულებები განსხვავებული იყო, თუმცა ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით ამ გადაწყვეტილებაზე, რაც გულისხმობს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, თუმცა ჩვენ არ დაგვიწესებია კონკრეტული ვადები და წევრობის სამოქმედო გეგმა. რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რეფორმები და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე კონცენტრაცია.

რაც შეეხება ვითარებას უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული საფრთხე კვლავ რეალურია. გრძელდება საბრძოლო ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ათიათასობით რუსი სამხედროს მობილიზაცია, რასაც მოსკოვის მუქარის შემცველი რიტორიკაც ემატება, რომ მათ აქვთ გარკვეული პირობები და მათ შეუსრულებლობას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა ჩვენი გზავნილი ნათელია - უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები