23 იანვარი 2022,   03:35
ვრცლად
რუსეთისა და დასავლეთის მოლაპარაკებათა რაუნდის შემდეგ, მხარეებს მოვლენათა განვითარების უარესი სცენარის მოლოდინი აქვთ - რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს

უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მოლაპარაკებები დასრულებულია. რუსეთი და ამერიკა ახლა შედეგებს აანალიზებენ. ოფიციალური მოსკოვი ისევ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, თუმცა გარანტიები დასავლეთსაც სჭირდება, რომელიც პრინციპებზე უარის თქმას არ აპირებს. მოლაპარაკებათა რაუნდის შემდეგ, მხარეებს მოვლენათა განვითარების უარესი სცენარის მოლოდინი აქვთ.

პენტაგონში საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკვე დაწყებული აქვს მზაობა იმისათვის, რომ თუ დასავლეთისგან საბოლოო უარი მიიღო, შეიჭრას უკრაინაში. პენტაგონის პრესმდივანი ჯონ ქირბი ამბობს, რომ რუსეთი ამისათვის მისთვის დამახასიათებლად, ჰიბრიდულ კონტექსტში მოქმედებს,

"ეს თამაში უკვე გვინახავს, კერძოდ, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის დროს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი უკვე მუშაობს უკრაინაში შეჭრის საბაბზე. მეტიც, გვაქვს ინფორმაცია მათი ოპერატიული ჯგუფების მზადების შესახებ, ე.წ "ცრუ დროშის" ოპერაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს რუსულენოვან მოსახლეობაზე მათი თავდასხმის უკრაინული მხარისთვის გადაბრალებას, როგორც ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბის მომზადებას.

რუსეთის გავლენიანი აქტორები უკვე იწყებენ თითქოსდა უკრაინული პროვოკაციების ფაბრიკაციას სახელმწიფო თუ სოციალური მედიის საშუალებით. ისევ და ისევ თავდასხმის გამართლების მიზნით. საჯაროდ დეტალებში შესვლის შესაძლებლობას მოკლებული ვარ, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დამიჯერეთ ძალიან სარწმუნოა. ეს რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა - როდესაც არ არსებობს მათ საჭიროებაზე მორგებული რაიმე სახის კრიზისი, ისინი მას ქმნიან," - აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ ქირბი.

რუსეთის მხრიდან აშშ-ისა და ნატოსთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ალიანსში გაწევრიანებაზე როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს დაბლოკვას. თუმცა დასავლეთი მისი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების ხარჯზე მოქმედებას არ აპირებს.

რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში 2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან გამართული საუბარი შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

"რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის, ახლა რუსეთი ცდილობს ძალისმიერი მუქარით შეცვალოს სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად, რაც თავად რუსეთმა შექმნა.

რუსული რიტორიკა ვერ გადაფარავს იმას, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია.

ამ კვირის მაღალი დიპლომატიის თანმიმდევრულად ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ უმთავრესი პრინციპებით, კერძოდ: გადაწყვეტილებების მიღება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატოს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. ვერავის სხვას ვერ ექნება ხმის ან ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, ნატოზე - ნატოს გარეშე, და საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე.

ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები. საქართველო ნატოსა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას.ყველა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა ჩაანაცვლოს ფუნდამენტური პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით," - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერამ მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"საუბრის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს. ჩვენი პოზიცია ურყევია, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები.

რუსეთი ითხოვს ე.წ უსაფრთხოების გარანტიებს მაშინ, როდესაც თავად წლების მანძილზე თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით.

ჩვენს მიერ აშშ-სთან, ასევე ნატოელ მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც საჯარო, ასევე დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადახედვა არ მოხდება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები