28 იანვარი 2022,   05:53
ვრცლად
შემზარავი კადრები ჩინეთის საკარანტინო სივრციდან, სადაც შუაღამისას ასობით ადამიანი - ორსულები, ბავშვები და ასაკოვნები გადაჰყავთ

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს საკარანტინო ბანაკები მეტალის კონტეინერების უსასრულო რიგებით, სადაც კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები გადაჰყავთ. 

ჩინეთი ცდილობს, ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას, იმის მიუხედავად, რომ ომიკრონის შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ძალიან სწრაფად ვრცელდება. 

შიანი ამჟამად ჩინეთის კოვიდაფეთქების ცენტრია და ხელისუფლებამ მკაცრი ზომების გატარების გადაწყვეტილება მიიღო. 13 მილიონი ადამიანი სახლებშია გამოკეტილი და მაღაზიაში საკვების საყიდლად გასვლის უფლებაც არ აქვს. 

შიანში შექმნილმა მდგომარეობამ დაძაბულობა გამოიწვია, რის შესახებაც მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აღშფოთებას გამოხატავს. ხელისუფლება ამბობს, რომ ოჯახებს უფასო საკვებს აძლევენ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჩივის, რომ მათი მარაგები იწურება, ან - დახმარება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

1 იანვარს, შუაღამისას შიანის სამხრეთით მცხოვრებ მოსახლეობას მოსთხოვეს, სახლები დაეტოვებინათ და საკარანტინო სივრცეში გადასულიყვნენ. უცნობია, სულ რამდენი ადამიანი გადაიყვანეს ბანაკში, თუმცა სოციალურ მედიაში ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ დაინახა 30 ავტობუსი, სხვები კი ამტკიცებენ, რომ კარანტინში ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. 

უამრავი პირი ამბობს, რომ იძულებულები იყვნენ, ავტობუსებს რამდენიმე საათის განმავლობაში დალოდებოდნენ.

ადამიანების ნაწილი სოციალურ ქსელებში ავრცელებს იზოლირებული საკარანტინე სივრცის ფოტოებს, სადაც, მათი თქმით, ძალიან ცივა და არ აძლევენ საკვებს. 

"აქ არაფერია, მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთები. ჩვენ შესამოწმებლად არავინ მოსულა, ეს როგორი კარანტინია?! ათასზე მეტი ადამიანი გადმოგვიყვანეს ღამით, უმეტესობა ბავშვი და ასაკოვანია... " - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი. 

ეს არის ერთ-ერთი ინციდენტი, რომლის შესახებაც ინტერნეტსივრცეში გახდა ცნობილი. შიანში 9 დეკემბრის შემდეგ კოვიდის 1600 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინურ სოცქსელ ვეიბოზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ მამაკაცს ეპიდემიის პრევენციის სამსახურის თანამშრომლები იმის გამო, რომ მან საკვების საყიდლად სახლი დატოვა. ქალაქის ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ აღნიშნული პირები დასაჯეს.

დღის ამბები