04 ივლისი 2022,   04:17
ვრცლად
თანამედროვე სამყარო, ტექნიკის პროგრესი, დღევანდელი რეალობის გამოწვევები და პანდემია - პატრიარქის გზავნილები საშობაო ეპისტოლეში

თანამედროვე სამყარო, ტექნიკის პროგრესი, დღევანდელი რეალობის გამოწვევები და პანდემია. სამების ამბიონიდან პატრიარქის გზავნილები საშობაო ეპისტოლედან არქიდიაკვანმა დემეტრე დავითაშვილმა გააჟღერა. კორონავირუსისგან გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის მიუხედავად, ილია მეორემ მოსახლეობას მოუწოდა, სასოწარკვეთას არ მიეცნენ.

"საკუთარი თავის გარედან შეხედვა უნდა ვისწავლოთ, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა," - ამბობს ილია მეორე ეპისტოლეში.

პატრიარქის წერილის შინაარსზე საუბრობენ სასულიერო პირები. ამბობენ, რომ საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლედან უწმინდესის გზავნილები ყოველთვის შეესაბამება იმ რეალობას, პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია.

ტრადიციული საშობაო ეპისტოლეს შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურება ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერმა მოსახლეობას შობის დღესასწაული სოციალურ ქსელშიც მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყოველ შობას განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ხვდება.

შობის ღამეს მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლებიც აანთეს. ტრადიცია, რომელიც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ოჯახში მიწვევას განასახიერებს, 2 000 წლიდან, ილია მეორეს კურთხევით დაიწყო.

დღის ამბები