04 ივლისი 2022,   04:42
ვრცლად
ყაზახეთი კვლავ დაძაბულობის ეპიცენტრია - ქვეყნის პრეზიდენტმა სამართალდამცველებსა და არმიას გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის უფლება მისცა

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყნის პრეზიდენტი დემონსტრანტებს ტერორისტებს უწოდებს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ ტერორისტებს ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.

"ჩემს მიერ სამართალდამცავი ორგანოებისა და არმიისთვის გაცემულია განკარგულება გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე. საზღვარგარეთ ისმის მოწოდებები მოლაპარაკების მხარდაჭერისადმი, პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. რა სისულელეა, რა მოლაპარაკებები შეიძლება დამნაშავეებთან, მკვლელებთან. ჩვენ საქმე გვქონდა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ, შეიარაღებულ და მომზადებულ ბანდიტებთან და ტერორისტებთან. ამიტომ საჭიროა მათი განადგურება და ეს გაკეთდება უახლოეს დროში. სამართალდამცავი ძალები მორალურად და ტექნიკურად მზად არიან ამ ამოცანის შესასრულებლად," - აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი

შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრანტებსა და სახელისუფლებო ძალებში მსხვერპლი კი რამდენიმე ათეულს აღწევს.

ქუჩებში სროლის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. ავიარეისები კვლავ შეჩერებულია და ყაზახეთში მყოფებს ინტერნეტი ისევ შეზღუდულად მიეწოდებათ. ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად, აღდგენილია.

დღის ამბები