28 იანვარი 2022,   07:14
ვრცლად
მინისტრებმა მკაცრად განაცხადეს, რომ სამომავლოდ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებაზე რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს - იენს სტოლტენბერგი

ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს - რიგაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში  ალიანსის ასპირანტი ქვეყნების - საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს უახლოესი პარტნიორია და ხაზი გაესვა მის წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის გააგრძელოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

ნატოს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთს ნებისმიერ აგრესიულ ქმედებაზე მოუწევს პასუხისგება. 

"საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში და მიისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ.

ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ ფხიზლები, რათა მოვახდინოთ ესკალაციის პრევენცია. მინისტრებმა მკაცრად განაცხადეს, რომ სამომავლოდ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებაზე რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს. სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგება. 

ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავაც მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ", – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, რიგაში გამართული NATO-ს მინისტერიალზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და 2030 წლის განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას განიხილავენ.

დავით ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას და პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო NATO-ს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზაზეა NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს ის წინადადებები, რომელთაც საქართველო წარადგენს NATO-ელი პარტნიორების წინაშე — ხედვები, თუ როგორ ხედავს საქართველო NATO-ში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ შემხვედრ ნაბიჯებსაც, რომელთა მოლოდინიც აქვს საქართველოს NATO-ელი პარტნიორების მხრიდან.

დღის ამბები