28 იანვარი 2022,   19:53
ვრცლად
პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური რიტორიკა დემოკრატიისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ვნებს საზოგადოებას - კახა კუჭავა

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მადრიდში გრძელდება. საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით კახა კუჭავამ მიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მიზნებზე საუბრისას აღნიშნა, რაოდენ ვნებს დემოკრატიას პოლიტიკური პოლარიზაცია. კუჭავამ რუსულ აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება, ბოლოს კი დაადასტურა მზადყოფნა, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

"მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით.

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.

პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს.

ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული.

ძვირფასო მეგობრებო, მჯერა, რომ დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებისთვის, ძლიერი საზოგადოების და მდგრადი მომავლის ასაშენებლად საჭიროა ინოვაციური, გამბედავი და ერთობლივი სტრატეგიები.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პრიორიტეტად ვაქციე პარლამენტში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა. ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციულ საპარლამენტო დისკუსიებში. ეს განსაკუთრებით საინტერესო პროცესია ახლა, ვინაიდან 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს გააჩნია მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობისთვის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.,"- განაცხადა კახა კუჭავამ

დღის ამბები