27 ნოემბერი 2021,   13:35
ვრცლად
პრეტენზიებს გამოთქვამენ ჯანდაცვის სერვისებზე საპატიმროში, საერთოდ ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდნენ, ისე ექცეოდნენ პატიმრებს - ანრი ოხანაშვილი ენმ-ზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კანონი დაცული იქნება და ყველა ის სერვისი, რომელიც პატიმარს სჭირდება, მიეწოდება. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ისევე როგორც სხვა მსჯავრდებულების მე-3 პრეზიდენტის შემთხვევაშიც სახელმწიფოს დამოკიდებულება თანაბარი იქნება. 

"პატიმარი სააკაშვილი - უნდა გამოვიყენოთ, ეს შეესატყვისება მის სტატუს და ის არავისზე არაფრით მეტი არ არის. შესაბამისად, მის მიმართ, ისევე როგორც ყველა პატიმრის მიმართ, შესაბამის დაწესებულებას ექნება თანაბარი მოპყრობა უზრუნველყოფილი როგორც ჯანდაცვის მომსახურებით, ასევე ინფრასტრუქტურული იმ პირობებით, რომ დღეს საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის ყველა ის საჭირო პირობაა შექმნილი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის ევროპულ სტანდარტს.

ამიტომ, პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში, მოპყრობა იქნება თანაბარი, ისევე როგორც ეს სხვა პატიმრების შემთხვევაში, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილი facebook-ზე გამოქვეყნებულ მის სტატუსზეც საუბრობს, სადაც ის "ნაციონალურ მოძრაობას" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაშია მხილებული.

"საზოგადოებას უნდა შევახსენოთ სტრასბურგის სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს რა გადაწყვეტილებები გამოუტანა. როდესაც ეს ადამიანები პრეტენზიებს გამოთქვამენ ან ინფრასტრუქტურულ ნაწილზე, ან ჯანდაცვის სერვისებზე საპატიმრო დაწესებულებაში, მათ რეალურად, ხმა არ აქვთ ამოსაღები. ისინი საერთოდ ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდნენ, ისე ექცეოდა ეს ხალხი პატიმრებს.

მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება, სადაც სტრასბურგის სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი 2004-11 წლებში ამხილა როგორც რეჟიმი, რომელიც აწამებდა და სიცოცხლეს უსპობდა პატიმრებს. ეს საქმეები ისწავლება უნივერსიტეტებში, როგორც ხელისუფლება, რომელიც არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ისეთი რომელიც აწამებს პატიმრებს და სიცოცხლეს უსპობს,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები