27 ნოემბერი 2021,   13:36
ვრცლად
შეიძლება, სააკაშვილი ხელახალი რევოლუციის ოცნებით დაბრუნდა, თუმცა რევოლუციების დრო აღარ არის - დენიელ ფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დენიელ ფრიდი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილს მოლოდინები არ გაუმართლდა და ქვეყანაში ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარი არ განვითარდა.

დენიელ ფრიდი ასევე აღნიშნავს, რომ არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.

"ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის, ასევე, მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში," - განაცხადა ფრიდიმ.

დენიელ ფრიდის თქმით, მისთვის გასაკვირია ის, თუ რატომ იმეორებს სააკაშვილის თავრობის შეცდომებს "ქართული ოცნება". ის ასევე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას რომ ესაუბრებოდეს, ჰკითხავდა: მართლა გეშინიათ ამ ადამიანის? და ახლა?

გარდა ამისა, ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას ჯერ ისევ დიდი მხარდაჭერა აქვს. ფრიდის თქმით, არჩევნებმა აჩვენა ისიც, რომ ოპოზიცია ბევრ ქალაქში ძლიერად არის წარმოდგენილი.

"მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის, რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა ქართულ ოცნებას ვნებს," - განაცხადა ფრიდმა.

დღის ამბები