04 დეკემბერი 2021,   15:49
ვრცლად
"ის ერთიანობა, რაც შედგა ოპოზიციის მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის გარდამტეხი მომენტი ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკაში" - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას მიერ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის შესახებ საუბრობს.

სალომე სამადაშვილი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ერთიანობა, რაც შედგა ოპოზიციის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

"ვფიქრობ, ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკაში. იმიტომ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე ეჭვი, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ეჭვი ალბათ არავის აღარ ეპარება. იმიტომ, რომ ის ერთიანობა, რაც შედგა ოპოზიციის მხრიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობა, იმიტომ, რომ ეს არ არის ერთიანობა რომელიმე კანდიდატის გარშემო.

გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის თბილისის მერობის კანდიდატი, მაგრამ წარდგენილი იქნა სრული შემადგენლობა, სრულად დაკომპლექტებული მომავალი მთავრობა მუნიციპალიტეტის დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და დიდი სურვილი მქონდა, წინა საპარალამენტო არჩევნებზე რომ იგივე გაკეთებულიყო სწორედ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომ კოალიციური ხედვა წარდგენილიყო, მაგრამ მაშინ არ იყო ამის პოლიტიკური მზაობა პარტიებს შორის. დღეს ეს არის გარდამტეხი მომენტი, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც სურს ცვლილება ქვეყანაში და ასეთია ამომრჩევლის უმრავლესობა, ვფიქრობ, რომ დაინახა საკუთარი არჩევანი," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. 

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნებიან. დასახელებული არიან სხვა პირებიც, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მერიაში პოსტებს გადაინაწილებენ.

დღის ამბები