04 დეკემბერი 2021,   14:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მარშრუტი ჩერნომორსკის პორტიდან თბილისამდე - ექსპრეზიდენტს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე ახალი ბრალი წარედგინა

ახალი ბრალდების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ, რძის ნაწარმით სავსე ტრაილერში დამალულმა გადმოკვეთა. საგამოძიებო უწყებამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ასეულობით ვიდეოჩანაწერით და მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით დაადგინა ექსპრეზიდენტის გზა უკრაინიდან სანზონამდე, სადაც 7 წლიანი ძებნის შემდეგ, დაუსწრებლად მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილი გლდანის პოლიციამ აიყვანა.

გამოძიების ინფორმაციით, უკრაინიდან წამოსული გემი "ვილნიუსი" ფოთში 28 სექტემბერს შემოვიდა. სამ საათში კი, გემიდან ჩამოტვირთეს ელგუჯა ცომაიას ტრაილერის კონტეინერი. მიხეილ სააკაშვილმა პორტიდან გამოსვლის შემდეგ ადგილი შეიცვალა და ტრანსპორტის კაბინაში გადაჯდა. მათ დახვდნენ ძმები წოწორიები, რომლებმაც საკუთარი "მერსედესით" სააკაშვილი და ცომაია აბაშაში წაიყვანეს. მეორე დღეს მოინახულა ბათუმი და ისევ აბაშაში დაბრუნდა. იმავე საღამოს დაიგეგმა თბილისის მარშრუტი, კერძოდ ერძოს ქუჩაზე, რომელიც სააკაშვილის ბოლო სამალავი აღმოჩნდა.

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალი მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გააცნეს. 

გამოძიების ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს 4 დამხმარე ჰყავდა. ისინი ექსპრეზიდენტს საცხოვრებელი ფართების და ტრანსპორტირების საკითხებს უგვარებდნენ. 

ბრალი დაუმძიმდა დაკავებულ ელგუჯა ცომაიას, რომელიც უკრაინიდან თბილისამდე სააკაშვილის ძირითადი მასპინძელი იყო. ახლა მას დანაშაულის დაფარვასთან ერთად, საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავებიან.

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

დღის ამბები