27 ნოემბერი 2021,   13:25
ვრცლად
შეიძლება მდგომარეობა გართულდეს, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას - ნინო ლომჯარია სააკშვილზე

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას დღეს სახალხო დამცველიც ესწრებოდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შიმშილობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ექსპერტები პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობა არ განუცხადებია, ამიტომ მიდის მუშაობა იმაზე, რომ ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში მას დროული დახმარება გაეწიოს:

"მოგეხსენებათ, დღეს პირველად იყო შესული მულტიფუნქციური ჯგუფი ციხეში. შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა მოსაზრებები ემთხვევა მისი პირადი ექიმის მოსაზრებებს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რეკომენდაციები მოვისმინეთ. ზოგადად დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ექიმთა შეფასებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. იქედან გამომდინარე რომ არის შიმშილობის მე-19 დღე, შეიძლება გართულდეს მდგომარეობა, ამიტომ ისინი პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა სააკაშვილის თანხმობა არ აქვს გაცემული და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ სანამ ის განაცხადებს თანხმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი და გაეწიოს მას დროული დახმარება, თუკი მდგომარეობა გართულდება.

თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ ის არის საღ გონებაზე, სანამ მას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი ნება. თუმცა თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ ის საჭიროებს ჩარევას და გადაუდებელ დახმარებას ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, რომ გაუწიონ მას სამედიცინო დახმარება. მაგრამ თუ პაციენტი გაცნობიერებულად უარს ამბობს დახმარებაზე მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რომ მოსალოდნელი გართულებები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული. ჩემი რეკომენდაცია არიას ის, რომ ეს რეკომენდაციები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული, თუ სააკაშვილი არ დაეთანხმა ჰოსპიტალიზაციას მაშინ რა შეიძლება იყოს ალტერნატივა რომ მას გაეწიოს დახმარება.

​დღეს მივიღეთ ეს რეკომენდაცია და იმაზეც იქნება მსჯელობა, რომელი ჰოსპიტალი იქნება, რომელიც მიიღებს მას. ყოველდღიურ რეჟიმში ექსპერტები მონიტორინგს გაუწევენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პირადი ექიმი აპირებს მის ყოველდღიურ მონახულებას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები