09 დეკემბერი 2021,   02:14
ვრცლად
საჭიროა, თუ არა მე-3 პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია - ექიმების კონსილიუმი ციხეში და მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში 

6 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დღის მეორე ნახევარიდან შევიდა. მედიკოსები ეცნობიან ჩატარებული კვლევების შედეგებს, გასცემენ რეკომენდაციებს და გადაწყვეტენ, მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხს. 

ამ პროცედურას მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც დაესწრო. პარალელურად, იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც შეიკრიბნენ. 

ტრადიციულად დილიდან პატიმარ ექსპრეზიდენტთან შევიდნენ მისი ინტერესების დამცველებიც. ადვოკატების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ის იურიდიული მექანიზმები იყო, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია, რომ სააკაშვილისთვის საკნის კარი გაიღოს. ადვოკატებმა მედიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

მიხეილ სააკაშვილისთვის საპატიმროს კარი, რომ მინიმუმ 6 წელი არ გაიღება, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სიყალბეში დაადანაშაულა და თქვა, რომ პროვოკაციების მოწყობის საშუალებას ქვეყანაში არავის მისცემს. მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის კი საერთოდ გაუგებარია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული მოთხოვნის გარეშე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 19 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

 

​​

დღის ამბები