09 დეკემბერი 2021,   02:07
ვრცლად
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ხავიერ კოლომინას პირველი ვიზიტის პირველი ლოკაცია სოფელი ოძისი იყო, ის ოკუპაციის შედეგებს ადგილზე გაეცნო.

"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც დღეს აქ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მოვისმინე. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსა და აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში, ასევე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც აღნიშნული ადმინისტრაციული საზღვრით ერთმანეთს არიან დაშორებული. NATO-სთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას.

აქვე მინდა, აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებენ. ჩვენ მას ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ. დაბოლოს, აუცილებელია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევას და საერთაშორისო მოლაპარაკებებს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჟენევის მოლაპარაკებები, რომელთა მორიგი რაუნდი ახლახანს გაიმართა. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი და მხარი დავუჭიროთ მათ," – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან ნატოს მაღალჩინოსნის ვიზიტს და განაცხადა, რომ ეს ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელი, კურიერის ინფორმაციით ამ წუთებში პრეზიდენტს ხვდება, ის უკვე ესაუბრა ქვეყნის პირველ დიპლომატს.

დღის ამბები