09 დეკემბერი 2021,   02:34
ვრცლად
უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის აკრძალვა - ვინ დაუჭერს მხარს ახალ კანონპროექტს 

სარეკლამო ბანერებზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება მომავალში დასჯადი გახდება. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, თუ პოლიტიკური ძალა უარს არ იტყვის ოპონენტის მიმართ ნეგატიურ კამპანიაზე, მას სანქცია დაეკისრება.

ცვლილებებზე ბიუროს წევრებმაც იმსჯელეს. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებების აუცილებლობით დაინტერესდა. სახელისუფლებო გუნდი მათ მიერ მომზადებული კანონპროექტისთვის კანონის ძალის მინიჭებას არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ 2 კვირაში გეგმავდა, თუმცა ოპონენტების პოზიცია გაიზიარეს და საკითხის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარი თქვეს. ოპოზიციის ნაწილმა აკრძალვები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა.

"ნაციონალური მოძრაობა" შეზღუდვებს მხარს არ დაუჭერს, მიზეზად ცენზურის საფრთხე სახელდება. სხვა პოლიტიკური ძალებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ის იქნება, დარჩება თუ არა კანონში ორმაგი ინტერპრეტაციის ან სტანდარტის შესაძლებლობა.

საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს "ქართული ოცნება" 2 მიზეზით ხსნის. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ პირველი პოლარიზაციის შემცირება, მეორე კი ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა.

ცვლილებებზე მსჯელობას დეპუტატები, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებენ. არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო, სარეკლამო მასალისა და რგოლის გამოყენება კი აკრძალული მმართველი პარტიის განცხადებით 2024 წლის არჩევნებისთვის იქნება.

დღის ამბები