09 დეკემბერი 2021,   01:30
ვრცლად
"კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს" - საპარლამენტო უმრავლესობა ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე

ევროპელი პოლიტიკოსების წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს ყველამ უნდა სცეს პატივი.

"შეცდომაში არიან შეყვანილი. ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს და ადამიანებს, ვინც არიან მსხვერპლი, დაზარალებულები და ნახავენ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ისეთ განცხადებასა და ისეთ პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს სხვა არაფერია თუ არა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსხვერპლი, დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით,გირგვლიანის საქმეზე რა გადაწყვეტილებაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, ის წერია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც.

"სააკაშვილი ორ საქმეზე იხდის მსჯავრს, ერთ-ერთია გირგვლიანის საქმე, სადაც არა მხოლოდ ეროვნულმა სასამართლომ, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი და მისი ქვემდებარე ყველა რგოლი, თანამდებობის პირი ერთ ხმაში, კოორდინირებულად იყვნენ ჩართული მოქალაქე სანდრო გირგვლიანის უფლებების დარღვევისა და მისი მიჩქმალვის საქმეში. ეს არის უმძიმესი განაჩენი, რომელიც ასევე თავის გადაწყვეტილებაში თქვა საქართველოს სასამართლომ და სააკაშვილი დაადანაშაულა ამ მძიმე დანაშაულში," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, აღნიშნული ევროპელი პოლიტიკოსების წერილს ფარისევლობად აფასებს.

ცნობისთვის, 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მიმართვას ხელს აწერენ ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები. წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევრო კომისიის და ევრო პარლამენტის პრეზიდენტები.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.

დღის ამბები