27 ნოემბერი 2021,   12:19
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კონსილიუმი დღეს შეიკრიბება - ჯანდაცვის მინისტრი

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილი მულტიპროფესიული ექსპერტების ჯგუფი დღეს შეიკრიბება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით კონსილიუმის შეკრება, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის საფუძველზე ხდება დღეს. მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.

"მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ შეინიშნებოდა, თუმცა მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და იმის მიხედვით იმოქმედებენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ჯგუფი არის მზად აწარმოოს აქტიური მონიტორინგი. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია ექიმების აქტიური ჩართულობა, აქედან გამომდინარე ადმინისტრაციული რგოლი იქნება ნაკლებად ჩართული, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ ექიმებს, რომ მათ უზრუნველყონ პაციენტის უსაფრთხოება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსჯავრდებული პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა კობა ნაყოფია. მისი თქმით, პერმანენტული პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი.

"საბრძოლო ხასიათზეა, მხნედ კი არის, მაგრამ შიმშილობის გამო, როგორც ექიმებმა განაცხადეს, მას უჭირს გადაადგილება, მაგრამ მე ვიცი, რომ მიშა არის ძალიან ძლიერი ადამიანი და ის ბევრად უფრო ძლიერი დატოვებს ამ საპატიმროს და დატოვებს ამ საპატიმროს გამარჯვებული,"- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაიაც. ოპოზიციის წარმომადგენლების საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური იქნება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და ის უკვე 18 დღეა შიმშილობს.

დღის ამბები