09 დეკემბერი 2021,   02:13
ვრცლად
როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებადამცველები მივიდნენ. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დააყენონ მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილმა მნახველები საკანში მიიღოს, ვინაიდან შესაძლოა, მას შეხვედრების ოთახამდე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუჭირდეს. თუმცა როგორც ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს ამ დროისთვის ის მნახველებს კვლავ შეხვედრების ოთახში იღებს:

"საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე, ის თავს გრძნობს მხნედ. შეხვედრების ოთახში გადაადგილდება საკუთარი ინიციატივით და აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, სანამ მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. როგორც სპეციალისტებისგან მოვისმინეთ, მათაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მეთვრამეტე დღეს შესაძლებელია უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო. 

კონსილიუმთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთი პოზიცია დასაწყისიდანვე და არ შეცვლილა, არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინი და დიდად არ აინტერესებს,"- განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელია, რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მე-3 პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ევროპულ სასამართლომ ორივე სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათთან დაკავშირებით აქტიური ჩართულობა და კომუნიკაციაა:

"სამწუხაროდ, ამ დრომდე სასამართლო არ გამოგვხმაურებია და სასამართლო პროცესის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენი სამართლიანი კანონიერი მოთხოვნა კვლავ ჰაერში აქვთ გამოკიდებული. რაც შეეხება მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებს, მოგეხსენებათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართულია სარჩელები და ამ სარჩელებზე არის აქტიური ჩართულობა. ჩვენი ორივე სარჩელი წარმოებაში მიღებული აქვთ და კომუნიკაციაში იმყოფება მხარეებთან," - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები