04 დეკემბერი 2021,   15:48
ვრცლად
"ფლანგვის ბიუჯეტი" - რომან გოცირიძის თქმით, 2022 წლის ქვეყნის საფინანსო დოკუმენტი ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების მიზეზი გახდება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები ამით დასრულდება. შემაჯამებელი სხდომა ამ წუთებში იწყება. ამის შემდეგ მთავარი საფინანსო დოკუმენტი, შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება.

საკითხზე ოპოზიციის მოსაზრება განსხვავებულია - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხარჯები არასწორად არის განაწილებული და მის მხარდაჭერას არ აპირებენ.

"ამას შეიძლება ვუწოდო ფლანგვის ბიუჯეტი. იზრდება ყველა მიმართულებით მათ შორის ბიუროკრატიული ხარჯები და ყველა ის უსარგებლო ხარჯი, რომელიც ჩადებული იყო ბიუჯეტში, ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ არის ძალიან მაღალი, ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება. ეს არის საკუთარ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუჭერთ მხარს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

დაახლოებით 18 ნახევარ მილიარდიანი ბიუჯეტით მმართველი გუნდი კმაყოფილია და თვლის, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მასში გაწერილი მონაცემებით შეძლებს ლარის კურსზე დადებითი გავლენა მოახდინოს.

"ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ვერსიაში შემცირებული არის ბიუჯეტის დეფიციტი, გამოიწვევს შედარებით დაბალ ინფლაციას. ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მონეტალური სტაბილურობა მომავალი წლისათვის," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

დღის ამბები