04 დეკემბერი 2021,   15:09
ვრცლად
ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოშია - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში 

ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოშია - ლოიდ ოსტინი დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე სამინისტროში უმასპინძლებს.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ვიზიტისას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც იქნება განხილული. 

"ასეთი რანგის სტუმრის ვიზიტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ბუნებრივია, მხოლოდ თავდაცვის საკითხები არ იქნება განხილული ამ შეხვედრების დროს. იქნება განხილული ის პოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყანაშია. NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ, ამავე დროს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც აქვთ და, უპირველეს ყოვლისა, ის ვალდებულებები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ეხება, რის მიმართაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ჩვენი პარტნიორების მხრიდან,"- აცხადებს ენმ-ის წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოსტინის ვიზიტი აშშ-საქართველოს მაღალი დონის ურთიერთობას მოწმობს. 

"ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, და აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტსაც და ნებისმიერ ფორმატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის პროვოკაციები, რაც მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციიდან და, რა თქმა უნდა, დავაჩქაროთ დეოკუპაციის პროცესი. ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ აშშ ხედავს საქართველოში დემოკრატიის მომავალს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრს; დაესწრება ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ წვრთნას. დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.

დღის ამბები