04 დეკემბერი 2021,   15:59
ვრცლად
აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი არის ისტორიული და ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ - თავდაცვის მინისტრი

ისტორიული ვიზიტი დაიწყო - ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ლოიდ ჯეინ ოსტინს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი დახვდნენ.

დღესვე, პენგატონის ხელმძღვანელს ჯუანშერ ბურჭულაძე სამინისტროში უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. გაკეთდება მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც. დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს. ლოიდ ოსტინი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს; დაესწრება ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას.     

"ჩვენ დავხვდით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, დღეს დაიწყო მაღალი დონის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტრატ6ეგიულ პარტნიორთან. ხელს მოვაწერთ ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების დოკუმენტს, ასევე, მოვინახულებთ ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. ეს ვიზიტი არის ისტორიული და არის ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ,"-აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, ლოიდ ოსტინის სტუმრობა აშშ-სა და  საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნიშანია.

"ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის სტუმრობა. მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნიშანია. უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლებსაც დღეს შეხვედრებზე განვიხილავთ, რა შეუძლიათ გააკეთოს საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა გაძლიერდეს.

მოხარული ვართ თავდაცვის მდივნის ვიზიტით და ველით პროდუქტიულ დღეს,"- აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

დღის ამბები