19 ოქტომბერი 2021,   21:43
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი "ღამის კურიერის" ეთერში ე.წ. კასრების საქმის ერთ-ერთ ფრაგმენტს იხსენებს და სასტიკი წამების შესახებ ჰყვება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ე.წ. კასრების საქმის ერთ-ერთ ფრაგმენტს იხსენებს და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვიდეოფირებზე აღბეჭდილი სასტიკი კადრების შესახებ ჰყვება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სურს კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას თუ რა ძალა იბრძვის კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

"მინდა საზოგადოებას შევახსენო ვინ იყო მეგის ქარდავა. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო მეგის ქარდავა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ.

ალბათ გახსოვთ, რომ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის იყო "კასრების საქმე", სადაც, ალბათ ადამიანი ვერ წარმოიდგენს ისეთი სისასტიკე და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, საზოგადოებამაც მათ შორის იხილა ამის თაობაზე თუ რაოდენ სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს.

ერთი ძალიან მოკლე ფრაგმენტი მინდა რომ გავიხსენო და მოსახლეობას გავახსენო. ამ საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სრულიად უდანაშაულო ადამიანის წამების ფაქტი, რომელიც აღბეჭდილი იყო მათ მიერ ვიდეოფირებზე. სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჩაჰყავთ ადამიანები და ნებისმიერი ჩვენების მისაღებად მიმდინარეობდა არაადამიანური, სასტიკი წამება და გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანს დამართოს ადამიანმა, არაადამიანმა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ადამიანებისთვის ეს სრულიად მიუღებელია.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თუ რა ძალასთან გვიწევს ჩვენ დღესაც შერკინება და ჯერ კიდევ რა ძალა იბრძვის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

ერთ-ერთი დავალება იყო, რომ ამ ადამიანს, მის მიერ რა თქმა უნდა არჩადენილი დანაშაული თავის თავზე უნდა აეღო, დაებრალებინა, თითქოს რაღაც ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. მანამდე მოიტაცეს ოჯახიდან ფეხმძიმე მეუღლე, გალახეს, სცემეს, რომელსაც შემდგომ მუცელიც მოეშალა, საშინელება დამართეს, აწამეს. წაიყვანეს ასევე გამაუპატიურებელი ადამიანი, რომელსაც 55 ლარი გადაუხადეს, ეს ყველაფერი დადასტურებული არის გამოძიებით, ამის შემდეგ ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უბრალოდ გაუძლო ამ საშინელებებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს და ამით გაუშვეს ციხეში.

აი ეს ხელისუფლება არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის მათი ხელწერა და რა თქმა უნდა მეგის ქარდავა არ იყო ერთი, ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები