19 ოქტომბერი 2021,   22:06
ვრცლად
11 სისხლის სამართლებრივ საქმეში ბრალდებული მეგის ქარდავა რუსთავის ციხეშია - რომელი სკანდალური დანაშაულები უკავშირდება ყოფილ მაღალჩინოსანს

2012 წლამდე ბევრისთვის უცნობი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა სისხლის სამართლის არაერთ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის ე.წ. კასრების, რის გამოც მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე 9 წელი აქვს მას მისჯილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც.

ღირსების ორდენოსანი ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, სულ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში მეგის ქარდავა უკვე მსჯავრდებულია.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, პატიმრების წამების ეპიზოდი, ციხის ბუნტი და ე.წ. კასრების საქმე - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ტომების, სადაც წამების ათეულობით მეთოდია ჩამოთვლილი: ხელკეტი და ელექტროშოკი, სექსუალური ძალადობა და ოჯახის წევრების გაუპატიურების მუქარა, წიწაკის აირი და გაგუდვის ინსცენირება პოლიეთილენის პარკებით. 

მეგის ქარდავა, რომელმაც საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე დატოვა, სისხლის სამართლის თერთმეტ საქმეშია ბრალდებული. 

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. წამებას წინ უძღოდა ნავთლუღის ავტოსადგურთან სამი მამაკაცის მკვლელობა, რაზეც ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, გიორგი დგებუაძეს, იგივე მასტერას და მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას აქვს წარდგენილი.

მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობის ამ ეპიზოდზე მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში დაკავებული ქალის, ბელა როგავას ცემისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. ე.წ. კასრების საქმეში მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. გამოძიების ვერსიით, მეგის ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან კოხტა კოდუასთან ერთად წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სექსუალური ძალმომრეობის ორგანიზებით ცდილობდა დაკავებული პირებისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს. ქარდავას ადვოკატი ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ დრომდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთ ბრალდებას არ აღიარებს.

სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

 

 

დღის ამბები