24 სექტემბერი 2021,   18:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი...უნდა დავიცვათ ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ" - თეა წულუკიანი ფარულ ჩანაწერებზე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილების გავრცელება არის ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია, რომლითაც ისინი ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ. 

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების გაკეთება იმ ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც ამ ჩანაწერების გაკეთების დროს ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, არარელევანტურია. 

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული... მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი ხაზი გაუსვა, რომ ვინც არ უნდა იდგეს ამ ყველაფრის უკან, აუცილებლად დაისჯება. 

"გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება, ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ საუბარი ცოტა რთულია. ეს შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი ან სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები