24 სექტემბერი 2021,   19:55
ვრცლად
მინიმუმ, სუსის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერმა - მამუკა ხაზარაძე ფარულ ჩანაწერებზე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მომხდარის გამო უნდა გადადგეს სუსის ხელმძღვანელი, ხოლო მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა აიღოს. 

"ეს არის ბინძური კამპანია, "ლელო" ამას ემიჯნება. მე არ ვიცი ვინ რას გეგმავს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობა ხდება ადამიანზე, ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე და ამით ხდება დაშანტაჟება ადამიანების. ასეთი მოვლენა როცა ხდება ნებისმიერ ქვეყანაში, მინიმუმ, სუსის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს ხელმძღვანელობიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამის გამოძიებას, კომისიის შექმნას და ამ საკითხს მივიყვანთ ბოლომდე,“-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

"გირჩის" წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, სანამ სუსი ამ ფორმით არსებობს, მას ყველა ხელისუფლება გამოიყენებს თვალთვალისა და მიყურადებისთვის. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად, პირველ რიგში, სუსის გაუქმებაა აუცილებელი.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, "ოცნების" ბრალდებები მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა, მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ძალიან მძიმედაა საქმე.

"დაბალი განვითარების თუ აღქმის პათოლოგიის უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ პასუხისმგებლობას აკისრებდეს ოპოზიციას ან ტელევიზიებს და ხელისუფლებას ვერ ხედავდეს, როგორც მთავარ მწარმოებელს ამ პროდუქციის. ეს გარჩევებიც შიგნით, გადაბრალება და ხელის გაშვერა მანამ, სანამ ჯერ გამოძიებაც არ არის, მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებაში" ძალიან მძიმედაა საქმე და სწორედ წაგებისა და შეცვლის შიში ამოძრავებთ, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ,"- განაცხადა გიგი წერეთელმა. 

დღის ამბები