24 სექტემბერი 2021,   19:51
ვრცლად
ენმ და "საქართველოსთვის" გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ​

ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერები კვლავ ურთიერთბრალდებების მთავარი თემაა.

ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების სურვილთან დაკავშირებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტიაში "საქართველოსთვის."

პარტიის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტიისთვის მიუღებელია ბრძოლის ამგვარი ხერხები. 

"გასარკვევია, საიდან მოდის, რა მიზანს ემსახურება და საერთოდ, ავთენტურია თუ არა ის დოკუმენტები, რაც გამოქვეყნდა. ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში ეკლესიის გვერდით ვართ, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მსგავსი ფორმებით ბრძოლა ვინმესთან და მით უმეტეს, ეკლესიასთან.

რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს - ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ და ამის შემდეგაც მოვისმენთ. ერთი რამის თქმა შეიძლება - უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება,"- აცხადებს ხოჯევანიშვილი. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის, თემურ ჯანაშიას განცხადებით, აუცილებელია გამოძიებამ დაასახელოს კონკრეტული სახელი და გვარი და ამ თემით მანიპულირება და ბრალდებები დასრულდეს. 

"ერთადერთი, ვისაც შეეძლო და ვის ინტერესებშიც იყო ეს კადრები გადაეღო და შემდეგ გაევრცელებინა, არის ოცნების ხელისუფლება. ვინც გააკეთა, კეთილი ინებოს ამ ხელისუფლებამ, კონკრეტული სახელი და გვარი დაასახელოს, დააკავოს ის პიროვნება და დასაჯოს. ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ამ თემით სპეკულაციები,"-აცხადებს თემურ ჯანაშია. 

დღის ამბები