19 სექტემბერი 2021,   06:00
ვრცლად
თავს ვალდებულად ვთვლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლო უკანონობას - ნიკა მელია

ოპოზიციის ნაწილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გარდა ამისა, გავრცელებული ფაილების გამო რამდნიმე პარტია სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მის გადადგომას ითხოვს.

"თავს ვალდებულად ვთვლი, განსაკუთრებით, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, პირდაპირი გაგებით, ვებრძოლო უკანონობას, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ჩვენი სამშობლოს განადგურებას და ადამიანებისთვის იმედის, ბედნიერების, რწმენის წართმევას,"- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, იმისთვის, რომ საკითხთან დაკავშირებით სამართალი აღსრულდეს, პოლიტიკური ცვლილებები აუცილებელია. 

"ტოტალური კონტროლის განხორციელების ეს სქემა იმსახურებს საპარლამენტო კომისიასაც და ყველა საპარლამენტო მექანიზმის ჩართვას. კომისიაც შეიქმნება, აუდიტიც ჩატარდება, სისტემის მხილებაც მოხდება და პასუხისმგებლობაც დადგება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

მმართველი გუნდი კი, ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს და ოპოზიციის ხელწერაზე საუბრობს. "ქართული ოცნება" ინიაციატივას საგამოძიებო კომისიის შექნის შესახებ არალეგიტიმურად მიიჩნევს.

"არ შეიძლება საპარლამენტო ინსტრუმენტი, ისეთი, როგორიცაა დროებითი საგამოძიებო კომისია, გაიგივებულ იქნეს, როგორც ალტერნატივა პროკურატურის სტანდარტული გამოძიებისა. მას შემდეგ, რაც პროკურატურის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, ლოგიკას მოკლებულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სხვა ინსტრუმენტებით გავიგოთ მეტი ამ მიმდინარე გამოძიების შესახებ, გვქონდეს სრული ინფორმაცია და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. სხვათა შორის, მოვლენებს გაასწრეს ოპოზიციონერებმა და მკვახე, მოუმზადებელი და უმი დასკვნები შესთავაზეს საზოგადოებას. რეალურად, მათ არ სურთ ჭეშმარიტება დადგინდეს, მათ სურთ ეს საკითხი, თუნდაც ამ მცდარი არგუმენტებით, მუდმივად ატრიალონ დღის წესრიგში,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები