19 სექტემბერი 2021,   05:24
ვრცლად
აქცია შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმთან - შეკრებილები მოთხოვნების შესახებ საუბრობენ

შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე პოლიტიკოსები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილთათვის ბუნდოვანია ხელოვნების მუზეუმის ლოკაციის შეცვლის გეგმა და დეტალები.

გამომსვლელები საუბრობდნენ იმ მოთხოვნების შესახებ, რაც მათი თქმით, აუცილებელია იმისათვის, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცული ექსპონატები გადარჩეს.

80-იანი წლების შემდეგ ექსპონატებს რეაბილიტაცია არ ჩატარებიათ, ამიტომ მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტები და სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გადაადგილების პროცესს. ისინი ითხოვენ, გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები.

კულტუროლოგი, ”თბილისის ჰამქარის” თავმჯდომარე ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა მუზეუმის დირექტორებად ისეთი ადამიანები დაინიშნნენ, რომლებიც დარგის სპეციალისტები არ არიან.

"არა მხოლოდ ხელოვნების მუზეუმის, არამედ სხვადასხვა მუზეუმის მმართველებად მოგვევლინა ხალხი, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების ინსტიტუციიდან წამოსული ახალგაზრდები, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები, მაგრამ არა ამ დარგის ექსპერტები, სპეციალისტები და ამ სფეროში ჩართული ადამიანები.

ასეთმა ხალხმა ჩაანაცვლა ის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ მუზეუმში მუშაობდნენ,“ - აცხადებს ცირა ელისაშვილი.

აქციის მონაწილეები შაბათს, 14:00 საათზე კვლავ შეკრებას აანონსებენ.

 

დღის ამბები